სოციალურ ქსელების მომხმარებელთა ყურადღება ჯოშუა ბელის 2007 წლის ექსპერიმენტმა მიიქცია.წუხელ რამდენიმე page-მა ატვირთა მევიოლინეს ფოტო და "ვაშინგტონ პოსტის" ორგანიზებული სოციალური ექსოერიმენტიც დაწერა ფოტოს აღწერაში. 500-ზე მეტმა ფეისბუქელმა "პოსტი" გაიზიარა, ხოლო 1000-ზე მეტმა მოიწონა.
იანვრის ცივ დილას, ვაშინგტონში მეტროს სადგურზე ჯოშუა ბელი ვიოლინოს 45 წუთის განმავლობაში უკრავდა. მან ბახის ექვსი პიესა შეასრულა. პიკის საათი იყო და გამოთვლების მიხედვით, მას ათასობით ადამიანმა ჩაუარა.
სამი წუთის შემდეგ შუახნის მამაკაცმა მუსიკოსს ყურადღება მიაქცია. მან ნაბიჯი შეანელა, რამდენიმე წამით შეჩერდა, შემდეგ კვლავ თავის საქმეზე გაეშურა.
კიდევ ერთი წუთის შემდეგ, მევიოლინემ პირველი დოლარი დაიმსახურა - ჩამვლელმა ქალმა ფული ჩაუგდო და გზა განაგრძო.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ვიღაც კაცი კედელს მიეყრდნო და ყური მიუგდო დაკვრას, მაგრამ შემდეგ საათზე დაიხედა და წავიდა.
ყველაზე მეტი ყურადღება მუსიკოსს სამიოდ წლის ბიჭუნამ მიაქცია. მას დედა ხელჩაკიდებულს მიარბენინებდა, მაგრამ ბავშვი შეჩერდა, მუსიკოსისთვის რომ შეეხედა. ბოლოს დედამ ძლიერად გაქაჩა ბავშვი და თან გაიყოლა. ბიჭუნა თავს ატრიალებდა, სანამ მევიოლინის დანახვა შეეძლო. ასე მოიქცა სხვა რამდენიმე ბავშვიც. ყველა მშობელი აიძულებდა შვილს, გზა განეგრძო.
45 წუთის განმავლობაში, მუსიკოსთან მხოლოდ ექვსი ადამიანი შეჩერდა და დაყოვნდა. ოციოდე ადამიანმა მას ფული მისცა, მაგრამ ნაბიჯი არ შეუნელებია. სულ 32 დოლარი შეგროვდა. როდესაც მან დაკვრა დაამთავრა და სიჩუმე ჩამოვარდა, არც ეს შეუმჩნევია ვინმეს. ტაში არავის დაუკრავს.
არავინ იცოდა, რომ ეს მევიოლინე იყო ჯოშუა ბელი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი. მან 3,5 მილიონ დოლარად ღირებულ ვიოლინოზე შეასრულა ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწარმოები, რაც კი ოდესმე დაწერილა.
მეტროს სადგურზე გამართულ კონცერტამდე ორი დღით ადრე ჯოშუა ბელი ბოსტონის თეატრში უკრავდა. მის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი საშუალოდ 100 დოლარს შეადგენდა.
ჯოშუა ბელის ინკოგნიტო გამოსვლა „ვაშინგტონ პოსტის “ ორგანიზებული იყო და სოციალური ექსპერიმენტის ნაწილს შეადგენდა. მისი მიზანი ხალხის აღქმის, გემოვნების და პრიორიტეტების გამოვლენა იყო. კითხვა ამგვარად იდგა: ჩვეულ გარემოში და არახელსაყრელ დროს – გაგვაჩნია სილამაზის აღქმა? გამოვარჩევთ ტალანტს უჩვეულო ვითარებაში?
“გამოცდილების ერთ-ერთი დასკვნა შესაძლოა ასეთიც იყოს: თუკი ჩვენ წუთიც ვერ გამოგვინახავს, რათა შევჩერდეთ და ყური დავუგდოთ მსოფლიოს ერთ უდიდეს მუსიკოსს, რომელიც უკრავს ერთ-ერთ საუკეთესო მელოდიას, რაც კი ოდესმე შექმნილა – რამდენი სხვა რამ გვრჩება ყურადღების მიღმა?“ - წერია ფოტოს აღწერაში.